აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ოთხშაბათს ლონდონში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დაესწრება - ამის შესახებ Reuters სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ტემი ბრიუსზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე მან განაცხადა, რომ რუბიო ბრიტანეთის დედაქალაქში გაემგზავრებოდა.
როგორც ბრიუსმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგი, ლონდონში იმყოფება და კონსულტაციებში ის მიიღებს მონაწილეობას.
ამერიკული მედიის ცნობით, მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიეღო ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსაც. როგორც დღეს გახდა ცნობილი, უიტკოფი ამ კვირაში მოსკოვში გამგზავრებასაც გეგმავს.
RBC-Ukraine-ს ინფორმაციით, ლონდონში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის დელეგაციაში იქნებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, მისი მოადგილე პავლო პალისა, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, რუბიო მსგავსი ფორმატის შეხვედრას, რომელიც 17 აპრილს პარიზში გაიმართა, ესწრებოდა.
იხილეთ ასევე: