"წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა [გასულ ღამეს] ჩრდ. კორეის მიერ წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ ღამეს, რუსეთის მასშტაბურ თავდასხმას ეხმიანება და წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.

პრეზიდენტის განცხადებით, თუ ჩრდილოეთ კორეის მიერ ამ რაკეტის წარმოების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ეს რუსეთსა და ფხენიანს შორის ალიანსის დანაშაულებრივი ხასიათის კიდევ ერთი დასტური გახდება.

"ამჟამად კიევში რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. სამაშველო ოპერაციის ადგილზე არიან იმ ადამიანების ნათესავები და მეგობრები, რომლებიც შესაძლოა საკუთარი სახლების ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდნენ. მაშველები, სასწრაფო დახმარების სამსახურები და ყველა დამხმარე პირი იმუშავებს მანამ, სანამ არ დაადგენენ ყველა იმ ადამიანის ბედს, ვინც შესაძლოა დაზარალდა.

წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. ჩვენი სადაზვერვო სამსახურები ყველა დეტალს ამოწმებენ.

თუ ჩრდილოეთ კორეის მიერ ამ რაკეტის წარმოების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ეს რუსეთსა და ფხენიანს შორის ალიანსის დანაშაულებრივი ხასიათის კიდევ ერთი დასტური გახდება. ისინი კლავენ ადამიანებს და ცხოვრებას ერთად დასცინიან - ეს არის მათი თანამშრომლობის ერთადერთი აზრი. რუსეთი მუდმივად იყენებს ასეთ იარაღს - რაკეტებს, არტილერიას. სამაგიეროდ, ფხენიანს შესაძლებლობა მიეცა, რეალური ომის პირობებში თავისი იარაღი უფრო სასიკვდილო გაეხადა.

მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო ასეთი საფრთხეების წინაშე. მხოლოდ დღეს, რუსეთის არმიამ, ჩვენი ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმის დროს, გამოიყენა განადგურების 200-ზე მეტი საშუალება - რაკეტები და თავდასხმის დრონები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაღუპულია 12. ჩემი სამძიმარი...

ამის შესაჩერებლად რუსეთზე რეალური ზეწოლაა საჭირო. ამ ომის შესაჩერებლად საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. ეს ნიშნავს, რომ პუტინს არ ეშინია.

საჭიროა დარტყმების სრული და უპირობო შეწყვეტა და რუსეთმა ამის ვალდებულება უნდა აიღოს. ეს ომი სამართლიანად უნდა დავასრულოთ. და ჩვენი ხალხის უსაფრთხოების ნამდვილად უზრუნველსაყოფად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო ფარი. მადლობა მსოფლიოში ყველას, ვინც დახმარებას გვიწევს.

ადამიანებსა და სიცოცხლეს აფასებენ სახელმწიფოები, რომლებიც მკვლელების ალიანსებს აჩერებენ," - წერს ზელენსკი. 

ცნობისთვის, თავდასხმა რუსების მიერ გვიან ღამით კიევსა და ხარკოვზე განხორციელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციის შენობები, გაჩნდა ცეცხლი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი