Reuters-მა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც ოფიციალურმა კიევმა და ევროპელმა ლიდერებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცეს. ვაშინგტონს შესაბამისი გეგმა სამშაბათს, 23 აპრილს, ლონდონში გამართული შეხვედრის დროს გადასცეს.
Reuters-ის მიერ უცვლელად გამოქვეყნებული გეგმა 4 ნაწილისგან შედგება: ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორია და ეკონომიკა.
"ცეცხლის შეწყვეტა:
- ცაში, მიწასა და ზღვაზე სრული ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება;
- ორივე მხარე დაუყოვნებლივ იწყებს მოლაპარაკებებს ტექნიკურ იმპლემენტაციაზე, აშშ-სა და ევროპული ქვეყნების მონაწილეობით. ეს სრული სამშვიდობო შეთანხმების დღის წესრიგისა და პირობების მომზადების პარალელურად ხდება;
- ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს და მხარს უჭერენ მესამე ქვეყნები;
- რუსეთმა უპირობოდ უნდა დააბრუნოს ყველა დეპორტირებული და უკანონოდ გადაადგილებული უკრაინელი ბავშვი. ომის ყველა ტყვის გაცვლა ("ყველა ყველაზე" პრინციპით). რუსეთმა ყველა მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლოს.
უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის:
- უკრაინა უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს იღებს, მათ შორის შეერთებული შტატებისგან (მე-5 მუხლის მსგავსი შეთანხმება), მაშინ, როდესაც მოკავშირეებს შორის NATO-ში წევრობაზე კონსენსუსი არ არსებობს;
- უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს;
- გარანტორი ქვეყნები იქნებიან - ევროპული ქვეყნებისა და სურვილის მქონე არაევროპული ქვეყნების სპეციალური ჯგუფი. უკრაინის ტერიტორიაზე მეგობრული უცხოური ძალების განლაგებაზე, იარაღსა და ოპერაციებზე არავითარი შეზღუდვები არ იქნება;
- უკრაინა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანებას.
ტერიტორია:
- ტერიტორიული საკითხები განიხილება და მოგვარდება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ;
- ტერიტორიული მოლაპარაკებები კონტროლის ხაზის ბაზისიდან იწყება;
- უკრაინა შეერთებული შტატების ჩართულობით ხელახლა იბრუნებს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ასევე კახოვკას კაშხალზე;
- უკრაინა სარგებლობს შეუფერხებელი წვდომით დნიპროს მდინარეზე და კინბურნის ცელზე კონტროლით.
ეკონომიკა:
- შეერთებული შტატები და უკრაინა ეკონომიკური თანამშრომლობის / მინერალების შესახებ შეთანხმებას აღწევენ და ასრულებენ;
- უკრაინა სრულად აღდგება და ფინანსურად კომპენსირდება, მათ შორის რუსეთის სუვერენული აქტივების მეშვეობით, რომლებიც გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს;
- 2014 წლიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ის სანქციები შესაძლოა ეტაპობრივად შემსუბუქდეს მდგრადი მშვიდობის მიღწევის შემდეგ და განახლდეს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში", - წერია Reuters-ის მიერ მოპოვებულ გეგმაში.