ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციებს არ გააუქმებს, თუმცა შესაძლოა ახალი სანქციები დააწესოს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტემი ბრიუსმა განაცხადა.
მან გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე გამოთქვა მზადყოფნა, დაეწესებინა მეორადი სანქციები, თუ კრემლი უარს იტყოდა მშვიდობას დათანხმებოდა.
"ვიცით, რომ მან გამოთქვა მზადყოფნა, ეს გააკეთოს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაუქმებთ არსებულ სანქციებს. პრეზიდენტს სურს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ, როგორც ერი, ვაკეთებთ, დიპლომატიური იყოს - ის ამ მიდგომასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ საუბრობს. ამავდროულად, მას ესმის, რომ მსოფლიოში არსებობს სხვა რეგიონები, სხვა გლობალური საკითხები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს" - თქვა ბრიუსმა.
ასევე, მისი თქმით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა აშშ-ის მზადყოფნის შესახებ, გააგრძელოს დახმარება უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
"ცვლილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კვლავ ჩართულები დავრჩებით და ყველანაირად დავეხმარებით. თუმცა, ჩვენ აღარ ვიფრენთ მსოფლიოს გარშემო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. ეს ახლა ორივე მხარის პასუხისმგებლობაა", - განმარტა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.