აშშ-ის ხელისუფლებამ მოამზადა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ საბანკო და ენერგეტიკის სექტორებში, რათა მოსკოვზე ზეწოლა მოახდინოს უკრაინაში ომის საკითხის დასარეგულირებლად. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაასრულეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების შემუშავება, მათ შორის საბანკო და ენერგეტიკული ზომების, რათა გაზარდონ ზეწოლა მოსკოვზე, რათა მხარი დაუჭიროს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას უკრაინასთან ომის დასრულების მიმართულებით“, - ნათქვამია სტატიაში. თუმცა, ბოლომდე ნათელი არ არის, დაამტკიცებს თუ არა პაკეტს ტრამპი
აღნიშნულია, რომ სანქციების სამიზნეებია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რუსული ენერგეტიკული გიგანტი „გაზპრომი“ და ბუნებრივი რესურსებითა და საბანკო სექტორით დაკავებული მსხვილი საწარმოები.
„ეროვნული უშიშროების საბჭო ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ უფრო ძლიერი სადამსჯელო ზომების პაკეტის კოორდინაციას. მისი დამტკიცება უნდა მოხდეს ტრამპის მიერ“, - განაცხადა საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-უკრაინის მიერ მინერალური მარაგების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ თუ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაამტკიცებს, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ კრემლის მიმართ მისი პოზიციები მკაცრდება.
ტრამპის მოკავშირემ, აშშ-ის სენატორმა ლინდსი გრეჰემმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მან მოამზადა კანონპროექტი რუსეთისა და მისი ნავთობის მყიდველი ქვეყნების წინააღმდეგ ახალი „გამანადგურებელი“ სანქციების შემოღების შესახებ. კერძოდ, შემოთავაზებულია 500%-იანი გადასახადის დაწესება შეერთებულ შტატებში იმ ქვეყნებიდან საქონლის მიწოდებაზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ბუნებრივ აირს ან ურანს ყიდულობენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს და ინარჩუნებს არსებულ შეზღუდვებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპმა უკვე ისაუბრა მზადყოფნაზე, დააწესოს მეორადი სანქციები, თუ რუსეთი უარს იტყვის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე.