უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთის პრემიერმინისტრ პეტრ ფიალას შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, შეხვედრაზე მათ ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების დონეზე თანამშრომლობა, ბირთვული ენერგიის განვითარება და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
ასევე, ზელენსკი აღნიშნავს, რომ პრაღაში უკრაინული ჰაბის გახსნა იგეგმება.
"პრაღის აჯანყების წლისთავზე ჩეხეთის პრემიერმინისტრს, პეტრ ფიალას ვხვდები - ეს არის თარიღი, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანის ღირსება ჩაგვრაზე ყოველთვის იმარჯვებს.
პრემიერმინისტრს ბრძოლის ველზე ჩვენი ქმედებები გავაცანი. რუსეთი რეალურ ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს და, შესაბამისად, სანქციები ძალაში უნდა დარჩეს და მუდმივად გამკაცრდეს.
განვიხილეთ თანამშრომლობა ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების დონეზე, ენერგეტიკული თანამშრომლობა, ბირთვული ენერგიის განვითარება და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები. მნიშვნელოვანია ყველაფრის განხორციელება, რასაც პოტენციალი აქვს. ძალიან ვაფასებთ ჩეხეთის თანადგომას ჩვენი სამედიცინო დაწესებულებების აღდგენისა და ვეტერანების დახმარების კუთხით.
მინდა, ხაზი გავუსვა მთავრობის ძალისხმევას ჩეხეთში უკრაინული თემის მიმართ. იგეგმება უკრაინული ჰაბის გახსნა პრაღაში - ჩეხეთში ჩვენი ეროვნული ცხოვრების ცენტრი, ადგილი უკრაინასა და ჩეხეთს შორის კავშირების გაფართოებისთვის.
მადლობელი ვარ ჩეხეთის მთავრობისა და სრულიად ქვეყნის მიმართ უკრაინის გულწრფელი მხარდაჭერისა და ჩვენი ხალხის პატივისცემისთვის," - წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთში გუშინ, 4 მაისს ჩავიდა და ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს შეხვდა.