ჩვენი წინადადება მინიმუმ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ჩვენი წინადადება მინიმუმ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება. ჩვენ არ მიგვაქვს უკან ჩვენი შეთავაზება, რომელმაც შეიძლება დიპლომატიას შანსი მისცეს. თუმცა, სწორედ რუსეთისგან ვერ ხედავს მსოფლიო პასუხს - არანაირი პასუხი ახალი დარტყმების გარდა. ეს ძალიან ნათლად აჩვენებს, ცხადია, ყველასთვის, თუ ვინ არის ომის წყარო. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია და მათ ეს მოუწევთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქების მასიური დაბომბვების ფონზე კრემლი 9 მაისთან დაკავშირებით 3 დღიანი ზავის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხოლოდ 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. ამასთან ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო მეთაურებს მიმართა და განაცხადა, რომ ის მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე შეკრებილებს უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მისცემს და მათი უსაფრთხოება კრემლის პასუხისმგებლობაა. ამ განცხადების შემდეგ, რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურმა მოსკოვში ვიზიტი სხვადასხვა მიზეზით გააუქმა.