რუსეთის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული 3-დღიანი "ცეცხლის შეწყვეტა" დღეს ამოქმედდა. მიუხედავად ამისა, უკრაინული მედია და ტელეგრამ-არხები საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დროებითი "ცეცხლის შეწყვეტის" ამოქმედების შემდეგ, რუსულმა თვითმფრინავებმა სუმის ოლქს მართვადი ბომბები 2-ჯერ ესროლეს. ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა. გარდა ამისა, უცნობია მოყვა თუ არა ნგრევა ბომბების ჩამოგდებას.
ამასთან, ჯერ კიდევ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, შეწყდა თუ არა ფრონტის ხაზზე რუს და უკრაინელ ჯარისკაცებს შორის ბრძოლები, თუმცა, Reuters-ის წყაროების ცნობით, დღეს დილით ბრძოლის ხმა არ ისმოდა.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, კრემლის განცხადებით, 8 მაისის შუაღამიდან 11 მაისის შუაღამემდე რუსეთი სამხედრო მოქმედებებს აჩერებს. რუსეთის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება პუტინმა 9 მაისის აღსანიშნავად, "ჰუმანიტარული მოსაზრებებით" მიიღო.
უკრაინამ თავის მხრივ უარყო პუტინის შეთავაზება 3-დღიანი ზავის შესახებ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა და აღნიშნა, რომ "უკრაინას არ შეუძლია 9 მაისს, მოსკოვში, მსოფლიო ლიდერებს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს".