ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე მუშაობას ასრულებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც ისინი რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივად ახალ სანქციებს დააწესებენ. ინფორმაციას Reuters-ი ფრანგულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენ ჯერ ბოლომდე არ ვართ შეთანხმებულები საბოლოო პროექტთან, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ კონვერგენციის მომენტში ვართ... რაც შეიძლება მოხდეს მომდევნო საათებსა და დღეებში, შეიძლება გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა 30-დღიანი ან ფრაგმენტული ფორმით, რაც ჯერ კიდევ განიხილება", - განაცხადა დიპლომატიურმა წყარომ ანონიმურობის პირობით.
წყაროს თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის შესახებ, გამოცხადდეს თუ არა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა, თუ მიეცეს რუსეთისთვის მოკლე რეაგირების ვადა, თუმცა თუ ის უარს იტყვის, მაშინ მოსკოვს ახალი ამერიკული და ევროკავშირის სანქციები დაეკისრება.
წყარო ამბობს, რომ ორივე მხარე სანქციების პაკეტებზე კოორდინაციას ახორციელებს. Reuters-ის წყაროს ცნობით, ევროპასა და აშშ-ს შორის პოლიტიკური და ტექნიკური მოლაპარაკებები გასული კვირიდან გააქტიურდა.
ცნობისთვის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აშშ-ში იმყოფებოდა და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდება. ახლა ბარო საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად კიევში იმყოფება, რათა ხვალ დაგეგმილ "მსურველთა კოალიციას" დაესწროს.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, კრემლის განცხადებით, 8 მაისის შუაღამიდან 11 მაისის შუაღამემდე რუსეთი სამხედრო მოქმედებებს აჩერებს. რუსეთის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება პუტინმა 9 მაისის აღსანიშნავად, "ჰუმანიტარული მოსაზრებებით" მიიღო.
უკრაინამ თავის მხრივ უარყო პუტინის შეთავაზება 3-დღიანი ზავის შესახებ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა და აღნიშნა, რომ "უკრაინას არ შეუძლია 9 მაისს, მოსკოვში, მსოფლიო ლიდერებს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს".