გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი ევროპელ კოლეგებს მასპინძლობს. შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერისა და რეგიონული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილება
შეხვედრას ესწრებიან საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, პოლონეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
მოლაპარაკებებში ონლაინ ფორმატით მონაწილეობა მიიღო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, რომელმაც მოკავშირეებს ამ დროისათვის ფრონტის ხაზზე არსებული განახლებული მონაცემები მიაწოდა.
ანდრეი სიბიგას ცნობით, მოლაპარაკების მთავარი თემები იყო სამშვიდობო ძალისხმევა და ერთობლივი მუშაობა შეერთებულ შტატებთან:
"რუსები სრულიად უგულებელყოფენ 12 მაისიდან სრული ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას. ისინი აგრძელებენ უკრაინის პოზიციებზე თავდასხმას ფრონტის ხაზის გასწვრივ. მოსკოვი ხელიდან უშვებს კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ შეწყვიტოს მკვლელობები. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის ერთადერთი მიზანი ომის გახანგრძლივებაა.
უკრაინა პირიქით, ყველა ღონეს ხმარობს ომის დასასრულებლად და დიპლომატიისთვის შანსის მისაცემად. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხუთშაბათს პუტინს პირადად შეხვედრაც კი შესთავაზა, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ ყოფილა.
ჩვენ განვიხილეთ ძლიერი ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია, მათ შორის სანქციები რუსეთის საბანკო, ცენტრალური ბანკისა და ენერგეტიკის სექტორების წინააღმდეგ, უკრაინისთვის თავდაცვის ახალი დახმარების პაკეტებთან ერთად. პუტინმა უნდა იგრძნოს სამშვიდობო მცდელობების უარყოფისა და ომის გაგრძელების შედეგები.
ჩვენ შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე, კონტაქტებსა და ძალისხმევაზე ამ კვირისა და შემდგომი პერიოდისთვის. მადლობელი ვარ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთისა და ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერისა და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის." წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ანდრეი სიბიგა.