საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით ის დღეს უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, პუტინმა უნდა აჩვენოს სერიოზულობა და იმის სურვილი, რომ მშვიდობა სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს სანქციები დაუწესდება.
"ახლა ჩვენ ყველამ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ. ან რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი და მშვიდობა სურს, ან არასერიოზულია და ჩვენ ახალი სანქციები უნდა დავუწესოთ", - თქვა მაკრონმა.
ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით 30-დღიანი ზავი ორშაბათს უნდა დაწყებულიყო. ინიციატივას მხარს უჭერდნენ ევროპელი ლიდერები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
ზელენსკის ინიციატივას პუტინმა საგანგებო განცხადებით უპასუხა და თქვა, რომ ზელენსკის თურქეთში მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევდა. საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს თურქეთში პირადად დაელოდებოდა, შეხვედრამდე კი, ორშაბათიდან "ცეცხლის სრულ და ხანგრძლივ შეწყვეტას" ელოდებოდა. თუმცა უკრაინული წყაროების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა რამდენიმე რეგიონი, მათ შორის კიევი, სუმი, ზაპოროჟიე, ოდესა, ხერსონი და სხვები დაბომბა.