საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, უკრაინის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა ევროკომისიას მოსთხოვეს, მოამზადოს ახალი, მასშტაბური სანქციები, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდებოდა. ბაროს კომენტარს Reuters-ი ავრცელებს.
ბაროს განმარტებით, ეს სანქციები მიზანში რუსეთის ნავთობისა და ფინანსურ სექტორებს იღებს.
ამასთან, ცნობილია, რომ ევროკავშირი უკვე მუშაობს სანქციების მე-17 პაკეტზე, რომლის მიღებაც 20 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო შეხვედრამდე იგეგმება, თუმცა ნორმანდიაში ჟურნალისტებთან საუბრისას ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ამ ახალი პაკეტის მიღმა უფრო მკაცრ ზომებზეც დაიწყეს მუშაობა.
"ჩვენ ვამზადებთ დამატებით სანქციებს, რომლებიც ენერგეტიკისა და ფინანსური სექტორის წინააღმდეგაა მიმართული. ამ შაბათ-კვირას ევროკომისიას ვთხოვეთ, მოემზადებინა ახალი, უფრო მნიშვნელოვანი სანქციები, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის ლოგიკაზე გადავიყვანოთ“, - განაცხადა ბარომ ევროპელ კოლეგებთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.