ევროპელმა ლიდერებმა შესაძლოა, უახლოეს დღეებში, „შეერთებულ შტატებთან შეთანხმებით“, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესონ, თუ რუსეთი უკრაინაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა TF1-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან განმარტა, რომ გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია „ტერიტორიული საკითხების გადაჭრის ხელშემწყობი მოლაპარაკებების დასაწყებად“. ამავდროულად, საფრანგეთის ლიდერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ „თავად უკრაინელებსაც კარგად ესმით, რომ ისინი ვერ შეძლებენ ყველაფრის დაბრუნებას, რაც 2014 წლიდან წაართვეს“.
მაკრონის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ „გაეროს სამშვიდობო მანდატის ან უსაფრთხოების ძალების ყოფნის საკითხი წამოიჭრება“. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „ფრონტის ხაზიდან დაშორებულ ტერიტორიებზე“ განლაგებული ასეთი ძალები „რუსეთს კონფლიქტის გაგრძელებისგან შეკავებას აიძულებს“. ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უსაფრთხოების პირველი გარანტი ძლიერი უკრაინული არმია უნდა იყოს“.