პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა. დოკუმენტი კრემლის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. მოლაპარაკებებზე მას თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, არმიის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.

დელეგაციის შემადგენლობაში თავად რუსეთის პრეზიდენტი ნახსენები არ არის .

გარდა ამისა, პუტინმა დაამტკიცა "მოლაპარაკებების ექსპერტების" შემადგენლობა. მათ შორის არიან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის საინფორმაციო სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზორინი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ჰუმანიტარულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებში ელენა პოდობრეევსკაია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის დირექტორი ალექსეი პოლჩუკი და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვიქტორ შევცოვი.

უცხოური მედია წერს, რომ რუსული დელეგაციის დონე უკრაინულთან შედარებით ნაკლებად წარმომადგენლობითი აღმოჩნდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებულების თანახმად, კიევის სახელით მოლაპარაკებების წარმოების უფლებამოსილება მიენიჭათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს, საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი სიბიჰას და თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმეროვს.

რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრა 15 მაისს თურქეთშია დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ ეს 2022 წლის შემდეგ პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი