უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს წერს.
ზელენსკის თქმით, შეხვედრა მშვიდობის დამყარებასა და უსაფრთხოების გარანტირებაზე იყო ორიენტირებული. ასევე, მათ უკრაინის რეკონსტრუქცია და ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობის განვითარება განიხილეს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან დაბალი დონის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაციის გაგზავნა უპატივცემულობის ნიშანია.
"ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა. შეხვედრა მშვიდობის დამყარებასა და უსაფრთხოების გარანტირებაზე იყო ორიენტირებული.
მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ერდოღანს და მთელ თურქეთს ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის და სრული, უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და ნამდვილი დიპლომატიისკენ გადადგმული ყველა რეალური ნაბიჯის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას, რათა მოლაპარაკებები ნამდვილად შედეგიანი იყოს. დღეს რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არ აპირებს ომის დასრულებას, რადგან საკმაოდ დაბალი დონის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია გაგზავნა. უფრო მეტიც, რუსული ასეთი მიდგომა უპატივცემულობის ნიშანია - მსოფლიოსა და ყველა პარტნიორის მიმართ. ჩვენ პარტნიორებისგან მკაფიო და ძლიერ პასუხს ველით.
პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად ასევე განვიხილეთ თანამშრომლობა „ნებისყოფის კოალიციის“ ფარგლებში, უსაფრთხოების გარანტიები, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, საზღვაო განაღმვა, უკრაინის რეკონსტრუქცია და ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობის განვითარება. მადლიერი ვარ, რომ ამ საკითხების უმეტესობაში ჩვენ საერთო ხედვა გვაქვს," - წერს ზელენსკი.