"რუსეთი ცდილობს დროის მოგებას ომის გასაგრძელებლად" | ევროპელი ლიდერების შეფასებები სტამბოლის მოლაპარაკებებზე

გამოქვეყნდა:

უცხოელი ლიდერები სტამბოლში რუსეთ-უკრაინას შორის გამართულ მოლაპარაკებებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ რუსეთის ფედერაციას კეთილი ნების გამოვლენის განზრახვა არ აქვს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე.

"უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტასა და დიალოგზე უარის თქმით, რუსეთი აჩვენებს, რომ მას არ სურს მშვიდობა და უბრალოდ ცდილობს დროის მოგებას ომის გასაგრძელებლად", - დაწერა მაკრონმა X-ზე.

პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი აღნიშნავს, რომ რუსულმა მხარემ მოლაპარაკებების დროს მიუღებელი პირობები წამოაყენა.

"რუსულ მხარეს არ ჰქონდა განზრახული ამერიკული მხარის თანდასწრებით მოლაპარაკება. რუსულმა მხარემ დააწესა პირობები, რომლებიც მიუღებელი იყო არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ არ ვმალავთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის პოზიციას ძნელად შეიძლება ვუწოდოთ კონსტრუქციული. ალბათ, ძალიან რთული დღეები ჯერ კიდევ გველოდება", - თქვა ტუსკმა RMF24-ის ცნობით.

ამასთან, მოლაპარაკებებს ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერიც გამოეხმაურა. სტარმერი X-ზე წერს, რომ პუტინმა პასუხი უნდა აგოს მშვიდობისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.

"ადამიანებმა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში გადაიხადეს ფასი პუტინის აგრესიის გამო, ახლა მან უნდა გადაიხადოს ფასი მშვიდობის თავიდან არიდებაში. არ დავუშვებ, რომ რუსეთმა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაშალოს. ვოლოდიმირ ზელენსკი, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის უკრაინის გვერდით დგას", - აღნიშნა სტარმერმა.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის გამო გააკრიტიკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება. კომენტარს Bild-ი ავრცელებს.

მისი თქმით, დიალოგის კონსტრუქციული დაწყების ყველა პირობა შეიქმნა, მაგრამ, მისი აზრით, სტამბოლში შეხვედრაზე მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა შეუძლებელი იყო.

"ეს ძალიან მცირე, მაგრამ პირველი დადებითი სიგნალია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა, მაგრამ ასევე ნათლად უნდა მივუთითოთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა [უკრაინის მიმართ]“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონემ კი პარტნიორებს მოუწოდა, დაჟინებით მოითხოვონ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა და სერიოზული სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს.

"ჩვენ გულხელდაკრეფილები არ უნდა ვიყოთ. ამ საათების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, ვის სურს სინამდვილეში გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები მშვიდობისკენ და პირიქით, ვინ არ არის ამისთვის მზად", - განაცხადა მელონემ Ansa-ს ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დღეს სტამბოლში რუსეთ-უკრაინას შეხვედრა გაიმართა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი