დანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის გამოყოფილი 26-ე სამხედრო დახმარების პაკეტის დეტალები გამოაქვეყნა, რომლის საერთო ღირებულებამაც დაახლოებით 4.2 მილიარდი დანიური კრონა დაახლოებით 628.4 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.
სამხედრო დახმარების ახალი გრძელვადიანი პაკეტი, რომელიც 2025-2028 წლებისთვისაა დაგეგმილი, დანიის უკრაინის ფონდისა და ევროკავშირის ევროპული სამშვიდობო ფონდის მიერაა დაფინანსებული.
26-ე სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, უკრაინა დამატებით საარტილერიო სისტემებსა და ჭურვებს მიიღებს, რომლებიც ჩეხეთის ხელმძღვანელობით ორგანიზებული საბრძოლო მასალის შესყიდვის ინიციატივის ფარგლებში დაფინანსდება.
დანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩეხეთის ხელმძღვანელობით ინიციატივისთვის 2025 წელს გამოყოფილი დამატებითი დაფინანსებით შესაძლებელია საარტილერიო ჭურვების კიდევ ერთი პარტიის დაფინანსება, რაც უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალის სტაბილური მარაგის უზრუნველყოფაში დაეხმარება.
ასევე, უკრაინა მიიღებს საბრძოლო თვითმფრინავებისთვის აღჭურვილობას, გაფართოებულ სასწავლო მხარდაჭერას და დახმარების სხვა ფორმებს.
"სამწუხაროდ, უკრაინის დახმარებისა და მხარდაჭერის საჭიროება არ შემცირებულა. მოხარული ვარ და ვამაყობ, რომ კვლავ შეგვიძლია დაფინანსება გავუწიოთ დახმარებას, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს ბრძოლის ველზე როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში," - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა.
2023-2028 წლებისთვის, უკრაინის ფონდის ფარგლებში, დანიამ კიევის სამხედრო დახმარებისთვის სულ 66.1 მილიარდი კრონი გამოყო.