ფინეთი უკრაინას მძიმე საბრძოლო მასალას მიაწვდის, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის გამოყენებით დაფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ეს ნაბიჯი ევროკავშირის ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს იმობილიზებული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად გამოყენებას.
სამინისტროს განცხადებით, ფინეთმა ევროკომისიასთან ამ ღონისძიების ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) მეშვეობით განხორციელების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების თანახმად, ფინეთი 90 მილიონი ევროს (დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების მძიმე საბრძოლო მასალას უზრუნველყოფს, რომელსაც ადგილობრივი მომწოდებლებისგან შეიძენენ.
"ჩვენ შევძელით ფინეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერისთვის დამატებითი დაფინანსების მიღება. თანხები მოდის გაყინული რუსული აქტივებიდან. პროდუქტები შეძენილია ფინური ინდუსტრიისგან, რათა გაიზარდოს დასაქმება ქვეყანაში და იგზავნება უკრაინაში მისი თავდაცვის დასახმარებლად. მე ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით," - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.
ცნობისთვის, 2024 წლის ოქტომბერში "დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის გაცემაზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნები უკრაინას თანხებს ფორმალურად სესხის სახით გამოუყოფენ, თუმცა კრედიტის დაფარვა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით მოხდება.