აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის საუბარი დასრულდა. ის 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც პუტინმა მედიასთან აღნიშნა, საუბარი იყო "შინაარსიანი, გულწრფელი და ძალიან სასარგებლო". მან მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებაში აშშ-ის მონაწილეობისთვის.
ამასთან, პუტინის თქმით, მოსკოვი მხარს უჭერს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ აღნიშნავს, რომ "აუცილებელია მშვიდობისკენ ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება". მისივე მტკიცებით, "რუსეთი მზადაა კიევთან სამშვიდობო შეთანხმების მემორანდუმზე ითანამშრომლოს".
კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ მოსკოვმა და კიევმა უნდა იპოვონ კომპრომისები, რომლებიც ყველა მხარეს მოერგება.
პუტინის განცხადებით, საუბრისას ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა.