Reuters-ის ცნობით, უკრაინა მომავალ კვირას ევროკავშირს წარუდგენს წინადადებების თეთრ წიგნს, რომელიც მიზნად ისახავს მოსკოვის შემდგომ იზოლაციას, მათ შორის რუსული აქტივების გაყინვასა და რუსული ნავთობის ზოგიერთი შემსყიდველისთვის სანქციების დაწესებას.
ევროკომისიას ამ ინფორმაციაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება უკრაინამ მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ამ ეტაპზე უარი თქვა სანქციების გამკაცრებაზე.
სანქციების შესახებ თეთრ წიგნში ხაზგასმულია ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების „უპრეცედენტოობა“, თუმცა აღნიშნულია, რომ ბლოკს მეტის გაკეთება შეუძლია. მასში ნათქვამია, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს არ სურს რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების შემუშავებაში ჩართვა. ასევე, ნათქვამია, რომ აშშ-ის ამ ნაბიჯმა ევროკავშირი უნდა წაახალისოს, რომ ამ სფეროში წამყვანი როლი შეასრულოს.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი გუშინ, 20 მაისს დაამტკიცა.