
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, სირიაში აფხაზეთის საელჩოს გახსნას ეხმაურება და ქვეყანას მადლობა უხდის. მისი თქმით, "აფხაზეთის საგარეო პოლიტიკისთვის" მნიშვნელოვანი მოვლენაა.
აფხაზი ერის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, მიმართ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ამ ისტორიული გადაწყვეტილების გამო, - ამბობს ბჟანია.
საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმაც, ბაგრატ ხუტბამ. მისი მტკიცებით, აფხაზი დიასპორა საუკუნეების განმავლობაში მონაწილეობდა სირიის სახელმწიფოს განვითარებაში.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ საელჩო სირიაში დღეს, 6 ოქტომბერს გაიხსნა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიებას აფხაზეთის და სირიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად, სირიის არაბთა რესპუბლიკაში აკრედიტებული რუსეთის ფედერაციის, ვენესუელისა და კუბის ელჩებიც ესწრებოდნენ.
ფაქტი დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ე.წ. საელჩოს გახსნა საერთაშორისო სამართლის ნორმების კიდევ ერთ უხეშ დარღვევად შეაფასა.