სტავროპოლში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აფეთქების შედეგად სტავროპოლის მერის მოადგილე ზაურ გურციევი დაიღუპა.
ზაურ გურციევი უკრაინაში ომის ყოფილი მონაწილე და 2022 წელს მარიუპოლის საჰაერო დაბომბვის ხელმძღვანელი იყო და ამ "დამსახურებისთვის" ის პუტინის რეჟიმმა თანამდებობით დააჯილდოვა.
აფეთქებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, ერთის მიხედვით, კაცი, რომელიც ზაურ გურციევს კორპუსის ეზოში მიუახლოვდა, სხეულზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გააქტიურა, მეორე ვერსიით კი მან ხელყუმბარა ააფეთქა.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორი ადამიანის მკვლელობისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის ფაქტზე. რუსული მედიის ინფორმაციით, განიხილება ტერორისტული თავდასხმის ვერსია და მასში უკრაინის სპეცსამსახურების მონაწილეობა.
რუსულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცი, რომელმაც თავი აიფეთქა 29 წლის ნიკიტა პენკოვი იყო. არსებული ინფორმაციით, ის ყოფილი სამხედროა და ბოლო პერიოდში სტავროპოლში პოლიციის განყოფილებაში, ბრალდებულთა ეტაპირების დაცვის სამსახურში მუშაობდა.
გურციევის აფეთქებას გამოეხმაურა, მარიუპოლის მცველი "აზოვის" ბატალიონის მეთაური, უკრაინის გმირი დენის პროკოპენკო.
"ყველაფრისთვის მიეზღო კიდევ ერთ ურჩხულს, რომლის ხელებზეც ათასობით უკრაინელის - მშვიდობიანი მოქალაქისა და სამხედროს სისხლია.
სწორედ გურციევია პასუხისმგებელი მარიუპოლის ჰაერიდან განადგურებაზე. 24-საათიანმა დაბომბვამ და სარაკეტო თავდასხმებმა ქალაქი საერთო საძმო სასაფლაოდ აქცია, ნანგრევებად, რომელშიც ოდესღაც ლამაზი, მშვიდობიანი უკრაინული ქალაქი ძლივს ამოსაცნობი იყო.
რუს სამხედროებს, რომლებიც ყოველ ღამე უკრაინის ქალაქებს ბომბავენ, ვურჩევდი, ყურადღება მიაქციონ, თუ რა ელით მათ მომავალში.
უკრაინელების მკვლელობისთვის ამ ნაძირალამ სტავროპოლში სამთავრობო თანამდებობა მიიღო, მაგრამ ამანაც კი ვერ გადაარჩინა მისი უბედური ცხოვრება.
როგორც არ უნდა დაეცვა ის ჯილდოებს, რეჟიმის მხარდაჭერას და საკუთარი დაუსჯელობის რწმენას. გარდაუვალმა შურისძიებამ ამ ნაძირალას, ღრმა ზურგშიც მიაგნო.
მათ, ვინც გასცემს და ასრულებს ჩვენი ტყვეების მოკვლისა და დასახიჩრების, ჩვენი ქალაქების განადგურებისა და ჩვენი შვილების გატაცების ბრძანებებს, აქვთ სახელები და გვარები. ისინი საჭიროა დამნაშავეების იდენტიფიცირებისთვის, მათი პოვნისთვის და დასასჯელად. ამის შემდეგ ეს სახელები წაიშლება, მხოლოდ ციფრები დარჩება - ვადა, რომელიც მათ მიესჯებათ, ან თარიღი, როდესაც ისინი ლიკვიდირებული იქნებიან," - წერს დენის პროკოპენკო.