სერბეთში, კრუშიკის სამხედრო ქარხანაში აფეთქება მოხდა. რუსეთის დაზვერვა მას კიევისთვის საბრძოლო მასალის ერთ-ერთ მიმწოდებლად მოიხსენიებდა.
აფეთქება 30 მაისს, დაახლოებით დილის 8:00 საათზე, ქალაქ ვალიევოში მდებარე ქარხანაში პენტაერითრიტტეტრანიტრატის დაწნეხის რუტინული სამუშაოების დროს მოხდა. აღნიშნული ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენება საბრძოლო მასალის შევსება-დატენისთვის.
აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთს ნაკვეთი ჭრილობები აქვს. ყველა დაზარალებული საავადმყოფოში მოათავსეს.
ეს კრუშიკის ქარხანაში პირველი აფეთქება არ არის. მსგავსი ინციდენტები მოხდა 2022 წლის აგვისტოში, 2023 წლის იანვარსა და მაისში, ასევე 2024 წლის აგვისტოში.
აღნიშნული ქარხანა 28 მაისს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ახსენა და სერბეთის თავდაცვის კომპანიები მათი გამოცხადებული "ნეიტრალიტეტის" მიუხედავად უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში დაადანაშაულა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება სახელწოდებით „სერბეთის სამხედრო მრეწველობა ცდილობს რუსეთს ზურგში ესროლოს“, რომელშიც სერბეთის თავდაცვის საწარმოებს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში ადანაშაულებს. რუსეთის განცხადებით სერბული კომპანიები უკრაინას იარაღს შუამავლებისა და ნატოს ქვეყნების ჩეხეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის მეშვეობით აწვდის.