
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) თავმჯდომარეები 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი დისკუსიების რაუნდის ჩაშლას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეცდებიან ვირტუალური კონსულტაციები ყველა მონაწილესთან გაგრძელდეს. ისინი მოუწოდებენ მხარეებს, გააგრძელონ დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში
ჩვენ გვჯერა, რომ პირისპირ შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, განსაკუთრებით, იმ პერიოდში, როდესაც რეგიონში COVID19-ის შემთხვევების მატების გამო, საგანგაშო მდგომარეობაა. ჩვენ შევეცდებით, რომ გავაგრძელოთ ვირტუალური კონსულტაციები ყველა მონაწილესთან, 51-ე რაუნდისთვის მომზადების მიზნით, რომელიც დაგეგმილია 2020 წლის დეკემბერში, - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი რუსეთმა ჩაშალა. მოლაპარაკებები 6 და 7 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, რუსეთის წარმომადგენლების არდასწრების გამო, შეხვედრა აღარ შედგება.
მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას - გადაიჭრას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები.