
პარტია "სამართლიანობისთვის" წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ დავითგარეჯთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება პოლიტიკური სცენარია, რომელიც ცუდად "გაკეთებულია". ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა.
თუ ახლა იწყება გამოძიება ერთი თვით ადრე არჩევნებამდე, ეს ხომ არ არის რაღაცა ტიპის მანიპულაცია, თან ამას სხვა ტიპის საფრთხეებიც ახლავს, აი ახლა, როცა ჩვენს სამეზობლოში არის სამხედრო კონფლიქტი, საომარი მდგომარეობა. გათვლილია ეს რისკები, რას ნიშნავს ამის გაგრძელება? - მე მგონია რომ რაღაცა გაუაზრებელი პოლიტიკური სცენარია, ძალიან ცუდად გაკეთებულია ეს ყველაფერი და ამას უნდა სახელმწიფოებრივად გააზრება, რა შეიძლება ამას მოჰყვეს, - ამბობს ბესელია
ეკა ბესელია გადაცემაში ასევე ამბობს, რომ კომისიის წევრების "გავლით" ხდება პოლიტიკური ბრალდების მომწიფება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიმართაც.
ამ ადამიანების გავლით, რა თქმა უნდა, ხდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრალდების მომწიფება და გასვლა შესაბამისად, ალბათ სხვა, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტზე - ახლა არჩევნებამდე დარჩენილი არის 23 დღე და აი ამ პერიოდში ყველაფერი ამ ჭრილში ხომ უნდა იყოს დანახული. როცა საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიას და თუ ეს რაიმე არასწორად მოხდა და ვიღაცამ ამაში უსინდისოდ ხელები აფათურა, არავინ არ ამბობს, რომ პასუხი არ აგოს. მაგრამ იმაზე მეტი კითხვა ჩნდება ახლა, მათ შორის ჩემნაირი ადამიანისთვისაც, რომელსაც არ აქვს ლოიალური განწყობა წინა ხელისუფლების მიმართ. მე არ შემიძლია ახლა ეს მასალა ესე უკრიტიკოდ მივიღო, არ არის ეს ნორმალური ვითარება, ბუნებრივად ისმება კითხვა - კაცო, 8 წელიწადი ამაზე რომ იყო საუბარი, გეძინა მაშინ, თუ რას აკეთებდი?! - თქვა ბესელიამ.
შეგახსენებთ, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს დააკავეს, 2 ოქტომბერს კი თავად ბრალდებული ამბობდა, რომ ეს წინასაარჩევნოდ აგორებული ტალღაა.
ცნობისთვის, 1 ოქტომბერს დავითგარეჯის საქმეზე მომუშავე კომიიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილის საცხოვრებელ სახლში და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.