დღეს, 9 ოქტომბერს, გერმანიიდან საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, დაბრუნდება. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:00 საათზე ელოდებიან.
მისი უფლებადამცველის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, მუხთარლი ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ საქმე გაიხსნას.
ის გასცემს ყველა გამოძიებისათვის საინტერესო კითხვაზე პასუხს, უშუალოდ გამომძიებელს მოუყვება დანაშაულის დეტალების შესახებ, მიუთითებს იმ ადგილს, საიდანაც მისი გატაცება მოხდა. როდესაც ჩამოვა თბილისში, ჟურნალისტებს მიაწვდის იმ ინფორმაციას, რაც აქვს, - თქვა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
შეგახსნებეთ, რომ ჟურნალისტი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 წლის მაისში თბილისიდან მის გატაცებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.
უწყებაში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიება წლებია დაწყებულია, თუმცა საქმეზე არავინ დაუკავებიათ და არც პასუხისგებაში მიუციათ ვინმე.
აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა, რისთვისაც 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში ოჯახთან წასვლის უფლება მისცეს.