სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

გამოქვეყნდა:

თითქმის ორი კვირის განმავლობაში მთიან ყარაბაღში შეტაკებების შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ საომარ მოქმედებებს შეაჩერებენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები, მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ხელმძღვანელობით მიმდინარებოდა.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება ძალაში შაბათს, შუადღის შემდეგ, შევა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საუბარი სრულიად დახურულ ფორმატში, 10 საათის განმავლობაში, მიმდინარეობდა. ლავროვის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე, ტყვეებისა და სხვა დაკავებული პირების, ასევე, ცხედრების გაცვლასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა განაცხადეს, რომ "დაიწყებენ არსებით მოლაპარაკებებს, რათა სწრაფად იპოვონ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები", - თქვა ლავროვმა.

მოლაპარაკებების შუამავალს მინსკის ჯგუფი წარმოადგენდა. ჯგუფს საფრანგეთი, რუსეთი და აშშ ხელმძღვანელობს. ევროკავშირის ქვეყნებmა, რუსეთმა და აშშ-მა ბრძოლის შეჩერება და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება მანამდეც არაერთხელ მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი