
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და Facebook-გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ, თითქმის ორი კვირის განმავლობაში მთიან ყარაბაღში შეტაკებების შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი წუხელ შეთანხმდნენ, რომ საომარ მოქმედებებს შეაჩერებენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ხელმძღვანელობით მიმდინარებოდა.
ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები.