აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებით, ის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას საერთოდ არ გეგმავდა და ვერც კი იფიქრებდა, რომ ხელისუფლებას მსგავსი წარმოდგენა შეექმნებოდა.
ვერცკი ვიფიქრებდი, რომ თქვენ პოლიტიკოსებს ასეთი მოსაზრება შეიძლებოდა ჰქონოდათ. ვთქვთ, მე ჩამოვედი თბილისში, მოვუწოდე ხალხს, რომ არ მისცენ ივანიშვილის პარტიას ხმა, ნუთუ ასეთი სუსტები არიან, რომ ერთ ჟურნალისტს მათი დაღუპვა შეუძლია. სიტყვები არ მყოფნის, მე არც კი მიფიქრია, რომ ჩამოვსულიყავი და პოლიტიკურ პროცესებში მიმეღო მონაწილეობა, - თქვა აფგან მუხთარლიმ.
ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ მისთვის კითხვის ნიშნებს აჩენს ფაქტი, თუ რატომ გადაწყვიტა მუხთარლიმ ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიდოში ჩამოსვლა.
შეგახსენებთ, რომ აზერჯაბიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გერმანიიდან საქართველოში ჩამოსვლას გუშინ, 9 ოქტომბერს გეგმავდა. ადვოკატების თქმით, მას საბუთების პრობლემა არ ჰქონდა და ჩამოსვლასთან დაკავშირებით პროკურატურა წინასწარ იყო საქმის კურსში. მუხთარლი გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას და ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავდა.
მუხთარლი მომხდარს Facebook-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ივანიშვილმა მისი ქვეყანაში შემოშვება ვერ გაბედა, რადგან ხელისუფლება მშიშარაა.
შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. რისთვისაც, 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში ოჯახთან წასვლის უფლება მისცეს.