პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ქვეყანაში ვერ ჩამოსვლას პანდემიას და რეგულაციებს უკავშირებს. მისი თქმით, კითხვებს აჩენს, რატომ გადაწყვიტა ჟურნალსტმა ქვეყანაში დაბრუნება წინასაარჩევნოდ.
ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ასევე, მეორე მხრივ, კითხვებს ბადებს რატომ გადაწყვიტა ამ ადამიანმა მაინც და მაინც წინასაარჩევნო პერიდოში ჩამოსვლა. ვინაიდან, როგორც ის და მისი ადვოკატები აცხადებდნენ, მას აქვს სამართლებრივი სახის კითხვები და საკითხები ხელისუფლებასთან. შესაბამისად რატომ გადაწყდა მისი მხრიდან ჩამოსვლა წინასაარჩევნოდ ჩემთვის კითხვებს ბადებს, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
მესამე სექტორში აცხადებენ, რომ უმნიშვნელოვანესია ეს საქმე სწრაფად და ობიექტურად გამოიძიონ. მათი თქმით, პროკურატურის ინტერესში უნდა იყოს, რომ ჟურნალისტი ქვეყანაში დაბრუნდეს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
"დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე, მერი კაპანაძე ამბობს, რომ ის მიზეზები რასაც ვისმენთ, რის გამოც მუხთარლი ვერ ჩამოდის, არადამაჯერებლად ჟღერს.
თუკი საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სურს და მისი ინტერესია, რომ აფგან მუხთარლის საქმის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება მოხდეს, ის უნდა იყოს დაინტერესებული და მაქსიმალურად ცდილობდენს, რომ არ შეუქმნას დამატებითი ხელოვნური ბარიერები, - თქვა მერი კაპანაძემ.
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, მუხთარლის გატაცების საქმე თავიდანვე აჩენდა ეჭვებს, რომ მასში მაღალი თანამდებობის პირები იყვენენ ჩართულნი. მისი თქმით, გამოძიება არსებითად არაეფექტურია.
შეგახსენებთ, რომ აზერჯაბიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გერმანიიდან საქართველოში ჩამოსვლას გუშინ, 9 ოქტომბერს გეგმავდა. ადვოკატების თქმით, მას საბუთების პრობლემა არ ჰქონდა და ჩამოსვლასთან დაკავშირებით პროკურატურა წინასწარ იყო საქმის კურსში. მუხთარლი გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას და ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავდა.
მუხთარლი მომხდარს Facebook-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ივანიშვილმა მისი ქვეყანაში შემოშვება ვერ გაბედა, რადგან ხელისუფლება მშიშარაა.
შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. რისთვისაც, 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სამიწლის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში ოჯახთან წასვლის უფლება მისცეს.