საქართველოს მესამე პრეზიდენტი, გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ათენში ემიგრანტებთან შეხვედრამდე მომხდარ ინციდენტს მოგვიანებით გამოეხმაურა. სააკაშვილი ამბობს, რომ ძალადობის გარდა "ოცნებას" არაფერი დარჩენია.

მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორებს დაუკავშირდნენ ე.წ კანონიერი ქურდების, შუშანაშვილის წარმომადგენლები და უთხრეს, რომ ისინი დღევანდელ პროვოკაციასთან არაფერ შუაში  არიან.  

"იყო მართლა უმაგრესი შეხვედრა, ათასობით ადამიანი გულანთებული და ამ ფონზე რამდენიმე მაიმახი, სხვა სიტყვა არ მაქვს, ნიღბებში ქურდულად მოგვეპარა უკნიდან და სცადა თავდასხმა. ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, რომ საბერძნეთის სპეცრაზმმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რამდენიმე ქალბატონი დაზარალდა. მაგრამ მინდა ვუთხრა ივანიშვილს და კალას, ამის გარდა აღარაფერი აღარ დაგრჩათ ხომ? - ესეც, რომ არ გიშველით თუ იცით? საქმე იმაშია, რომ გუშინდელი დღიდან, გუშინ ჯერ ქურდმა ამბროლაძემ დაურეკა ორგანიზატორებს და დღეს უკვე შუშანაშვილის ადვოკატები რეკავენ და იძახიან, რომ არ აპირებდნენ ივანიშვილის დავალების შესრულებას და ისინი არ ყოფილან. ბიძინიე, ქურდებმაც კი მიგატოვეს და გიღალატეს... გნახავ მალე თბილისში, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, ლაშა შუშანაშვილის ადვოკატი "მთავარ არხსაც" დაუკავშირდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის კავშირი ათენის ინციდენტთან უარყო.

შეგახსენებთ, რომ  მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 10 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის, ათენში მცხოვრები ლაშა შუშანაშვილის დავალებით, რომელიც, თავის მხრივ, "ოცნების" ვერტიკალთან იყო შეთანხმებული, დაიქირავეს 200-დე პროვოკატორი, რომლებსაც დებოში უნდა აეტეხათ ათენში და შეხვედრა ჩაეშალათ, ამას გარდა, შუშანაშვილი "კანონიერ ქურდად" კურთხევას დაპირდა ყველას, ვინც სააკაშვილს დაარტყამდა. 

მიხეილ სააკაშვილს ემიგრანტებმა დღეს ათენში პომპეზური დახვედრა მოუწყვეს. მესამე პრეზიდენტთან შესახვედრაზე მოსულებმა ადგილიდან გააძევეს პროვოკატორი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან მიახლოებას ცდილობდა და აგრესიით გამოირჩეოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი