თქვენ ის ვოლსკი ხომ არ ბრძანდებით, ნინო ბურჯანაძეს ძლივს რომ ელაპარაკებოდით და აზრი რომ ვერ გამოვიტანე? - ბურჯანაძის პასუხი ვოლსკის

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ე.წ. კარტოგრაფების საქმეში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ბრალეულობასაც ხედავს. ვოლსკი ამბობს, რომ ბურჯანაძემ პასუხი უნდა გასცეს, რატომ გააუქმეს მაშინ, სახელმწიფოს ღალატის მუხლი.

განაცხადეს, რომ დავითგარეჯი არ ეკუთვნის საქართველოს და სულ ცოტა ხანში მოხდა იმ კანონის გაუქმება, რომელიც სახელმწიფო ინტერესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობას კისრულობს. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს მე არ უნდა ვპასუხობდე, უნდა პასუხობდეს იმ პერიოდის პარლამენტის თავმჯდომარე - ამბობს ვოლსკი.

"თქვენ ის ვოლსკი ხომ არ ბრძანდებით ნინო ბურჯანაძეს ძლივს რომ ელაპარაკებოდით? აზრი რომ ვერ გამოვიტანე რა თქვით, იმდენად რომ ღელავდით?" - ვოლსკის ბრალდებებს უკვე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი "ოცნების" სპიკერის განცხადებებს "ბინძურ სიცრუეს" უწოდებს და ამბობს, რომ ღალატი რეალურად არის ის კომენტარები, რასაც ხელისუფლება აკეთებს:

"ხოდა ის ნინო ბურჯანაძე გპასუხობთ, რა თქმა უნდა არ მოგიწოდებთ წაიკითხოთ სისხლის სამართლის კოდექსი, რომელზეც თქვენ ასე ბინძურად ცრუობთ. არაფერი არ გაუქმებულა, არც ერთი მუხლი არ ამოღებულა, ჩამონათვალი იქნა მხოლოდ სადაც მუხლების სახელწოდებები იყო დასახელებული და მუხლი დარჩა და ღალატია ის, რასაც ახლა თქვენ ამბობთ - პასუხობს ბურჯანაძე ვოლსკის.

შეგახსენებთ, რომ უკვე ორი დღეა "ქართულ ოცნებას" კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით ახალი ნარატივი აქვთ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ენმ"-ს ხელისუფლებამ სამშობლოს ღალატის მუხლი სპეციალურად, დავითგარეჯის საქმის გამო გააუქმა.

პირველი განცხადება ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მდინარაძეს იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა ნიკა გვარამიამ უპასუხა და იურისპუდენციაში ცოდნის გაძლიერება ურჩია. ნიკა გვარამიამ ისიც განმარტა, როგორ მოხდა 307-ე მუხლის ამოღება. მისი თქმით, თხოვნა- საქართველოს საპატრიარქოდან მოდიოდა.

საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ რომ ხელისუფლებამ სცადა დავითგარეჯის საქმე წინასაარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა, თუმცა არ გამოუვიდა და ქვეყანამ მიიღო უარესი შედეგი - საქმე გაიფუჭა სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან და არ გაითვალისწინა რეგიონში მიმდინარე მძიმე მოვლენები - საუბარია ყარაბაღის შეიარაღებულ კონფლიქტზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი