უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესის აღდგენას ოპოზიცია წინასაარჩევნო მანიპულაციას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამგვარად მთავრობა ამომრჩევლის საარჩევნო უბნებისგან ჩამოცილებას ცდილობს.
"კოვიდ მანიპულაციები რასაც ხელისუფლება ეწევა ემსახურება ერთადერთ მიზანს - რაც შეიძლება შეამცირონ ამომრჩევლის მისვლა საარჩვნო უბნებზე, ეს შეეხება სტუდენტებსაც, რომელთაც სწორედ ახლა, პიკში, გამოუცხადეს, რომ სწავლა დაიწყება. ისინი პირწმინდად წააგებენ არჩევნებს და ამიტომ კოვიდმანიპულაციებით ცდილობენ რაც შეიძლება დაბალი იყოს ამომრჩევლის მოსვლა" - ამბობს გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი.
ნინო ბურჯანაძე - "ერთიანი საქართველოს" პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ მთავრობა მზადაა საფრთხის ქვეშ დააყენოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე "მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოახერხონ არჩევნების გადაგორება".
ამავე თემაზე ბრიფინგი გამართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ გზით ცდილობს რეგიონიდან თბილისში ჩამოსულ სტუდენტებს არჩევნებზე ხმის მიცემაში ხელი შეუშალოს.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უმაღლესი სასწავლებლები სასწავლო პროცესს 19 ოქტომბრიდან ეტაპობრივად განაახლებენ. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ ექსპერტები და მათ მიერ წარდგენილ გეგმას აბსურდულს უწოდებენ.