"ევროპული საქართველო" ხვალისთვის, 17 ოქტომბრისთვის, დაგეგმილ საპროტესტო აქციას, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, აუქმებს. მარში ხვალ თბილისში იგეგმებოდა და ის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან უნდა დასრულებულიყო.
"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ, როგორ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს აქცია აღარ შედგეს და ამით შევიტანოთ წვლილი ჩვენი მოსახლეობის დაცვაში კორონავირუსისგან", - ამბობს დავით ბაქრაძე, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და უქმდება მხოლოდ ერთი აქცია, რომლის განსხვავებული ფორმატიდან გამომდინარე, ხალხი სხვადასხვა რაიონიდან შეიკრიბებოდა, რაც პანდემიის პირობებში მიზანშეწონილი არ არის.