პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ მან სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა და ადამიანებს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზარაძე წერს, რომ ექიმების დაკვირვების ქვეშაა.
"გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა. ახლა სხვა პაციენტებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში გავდივარ COVID-19-ის მკურნალობის კურსს", - წერს მამუკა ხაზარაძე.
ხაზარაძის თქმით, კორონავირუსი ხელს ვერ უშლის წინასაარჩევნო აქტივობებში იყოს ჩარტული. მისი თქმით, ხვალ, 20 ოქტომბერს პარტია რუსთავში დიდ შეხვედრას გეგმავს სადაც ის დისტანციურად ჩაერთვება.
ხაზარაძე ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრებს, შვილებსა და ცოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ტესტების პასუხი უარყოფითი იყო პარტიის წევრების 99%-შიც.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი გუშინ, 18 ოქტომბერს დაუდასტურდა.