
პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მკურნალობას პროფესორ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურში ადასუტრებენ.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით, 1 საათის წინ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებდა. მისი თქმით, ის გვიან ღამით ცუდად გახდა, სიცხემ აუწია და ამის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა. ახლა სხვა პაციენტებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში გავდივარ covid19-ის მკურნალობის კურსს..." - წერს მამუკა ხაზარაძე.
მოგვიანებით, ინფექციურმა საავადმყოფომ გაავრცელა განცხადება, რომ ინფიცირებული პოლიტიკოსი მათთან არ მკურნალობს.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი გუშინ, 18 ოქტომბერს დაუდასტურდა. ფეისბუქზე გავრცელებულ სტატუსში, ასევე წერია, რომ “ლელოს” ყველა ლიდერმა გაიკეთა covid19-ის ტესტი. პასუხების 99% უარყოფითია.