გიორგი გახარიამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ პირბადეზე ეფექტური საშუალება COVID-19-თან საბრძოლველად არ არსებობს.
პანდემიის შესახებ პრემიერმა დღეს მედიასთან ისაუბრა.
"არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერავინ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა ვიდრე ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვაა. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, დავიცვათ ეს წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფიცირების ზრდა იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას და მოსახლეობას" - თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ
პრემიერმინისტრმა ასევე თქვა, რომ საქართველო კორონავირუსის ადაპტაციის და მართვის ეტაპზეა და თუ ქვეყნის მოსახლეობის 90% ნიღაბს ატარებს, ინფიცირებულთა რაოდენობა 70%-ით შემცირდება.
საქართველოს გარდა, გიორგი გახარიამ მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, გუშინ ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში კიდევ ერთი ანტირეკორდი დამყარდა და საერთო ინფიცირებულების ჯამმა 41 მილიონს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 563 თბილისიდანაა, ბოლო 24 საათში გარდაცვალებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა.