ზუგდიდის "საქართველოს ბანკში" მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი მძევალი, დავით ხვიბლიანი სენაკის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. ხვიბლიანის მამის თქმით, სენაკის ბაზაში მას დაუდასტურეს, რომ მისი შვილიდისლოკაციის ადგილზეა და აგრძელებს სამსახურს.
"ნახევარი საათის წინ ვესაუბრე და მითხრეს ბაზაზე არის, მობრძანდით, ნუ შეგეშინდებათო. ბაზაზე ტელეფონით ვერ ვუკავშირდები, ახლა წასვლაც მინდა და გავარკვევ", - ამბობს ხვიბლიანის მამა.
ყოფილი მძევლები ამბობენ, რომ მათ ხვიბლიანისა და შეიარაღებული პირის განსაკუთრებული კომუნიკაცია არ შეუმჩნევიათ, მაგრამ კატეგორიული პასუხისგან თავს იკავებენ.
"ვაკვირდებოდი ყველას ქმედებას, რომ შესაძლო მოკავშირის ვინაობა დამედგინა, მაგრამ თუ ასეთი იყო ვინმე ის ამას ძალიან კარგად აკეთებდა და მე განსაკუთრებული კავშირი მძარცვლეთან ვერ შევამჩნიე", - ამბობს კიდევ ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია.
ცნობისთვის, 12 საათიანი დაკითხვის შემდეგ ხვიბლიანმა პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე, "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ქვეყანა დატოვა.
"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, ზუგდიდის ბანკზე თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა და მისი ერთ ერთი თანამზრახველი დავით ხვიბლიანია, რომელიც მოქმედი სამხედრო პირია. გასაჯაროვდა სატელეფონო ჩანაწერიც.