"მთავარის" სიუჟეტი დასტურია, რომ უწყებების აგიტატორებად გადაქცევა "ოცნების" აპრობირებული მეთოდია - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

“მთავარი არხის" მიერ გასაჯაროვებული წინასაარჩევნო სქემა, რომლის მიხედვითაც პარტია ძალოვან უწყებებს აგიტატორებად იყენებს, ოპოზიციისთვის დასტურია, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველა მეთოდს მიმართავს ხელისუფლებაში დასარჩენად, თუმცა, ამასთან, მას გაცნობიერებული აქვს, რომ არჩევნებს აგებს. 

"თუ ივანიშვილი ისე შეეცდება არჩევნებზე ხმების მოპოვებას, როგორც ეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას გააკეთა, ხალხი ამას აუცილებლად გააპროტესტებს - თუ რა მოყვება ამას, ივანიშვილს შეუძლია ისტორიას თვალი გადაავლოს", - ამბობს პარტია "გამარჯვებული საქართველოს" წევრი, ირაკლი ოქრუაშვილი. 

ამასთან, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, როგორც ცდილობს "ოცნება" თავდაცვის სტრუქტურების საარჩევნოდ გამოყენებას და შსს-ს მტკიცება, რომ "მთავარი არხის" გამოძიება "ფეიკ ნიუსია", სიმართლეს არ შეესაბამება. 

"ჩანაწერების სახით უბრალოდ მატერიალურად დადასტურდა, რაც აქამდეც ცხადი იყო. უწყებების აგიტატორებად გადაქცევას რომ "ოცნება" ხშირად მიმართავს, წინა არჩევნებზეც ვნახეთ", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა. 

თავსი მხრივ, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, პოლიციელებს მოუწოდებს, რომ დაიცვან თავიანთი ინტერესები და არ მიიღონ მონაწილეობა "ოცნების" წინასაარჩევნო სქემებში. 

ცნობისთვის, "მთავარი არხის" მიერ გამოააშკარავებულ წინასაარჩევნო სქემას, რომლის მიხედვითაც, ასზე მეტი ოფიცერი რეგიონებში საგანგებო დავალებით არის მივლენილი, შსს დღეს გამოეხმაურა. უწყება ამ სიუჟეტს მიზანიმართულ დისკრედიტაციად აფასებს, მას "ფეიკ ნიუსს" უწოდებს და ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურად ნეიტრალურია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი