საქართველოს თავდაცვის სამინისტრო "მთავარი არხის" გენერალური დიექტორის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს. ღარიბაშვილის უწყება განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ დავით და თემურ ხვიბლიანები ცილისწამების გამო, სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხვიბლიანებს მათ სამართლებრივ ბძროლაში სამინისტროც დაეხმარება:
საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე ამ დროისთვის იმყოფება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში და მასზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ცილისწამების გამო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გეგმავს მიმართოს სასამართლოს. სამართლებრივ დავას უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამების გამო, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი გეგმავს. პარტიულმა ტელევიზია მთავარმა არხმა, 22 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტში , თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დაასახელა. დავით და თემურ ხვიბლიანების მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი facebook-ით გამოეხმაურა. ნიკა გვარამია წერს, რომ ხვიბლიანს სენაკის ბაზაზე აწამებენ.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და ოფიციალური ინფორმაციით, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.
ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. "მთავარი არხის" ინფორმაციით, კი მან 4 მილიონი წაიღო.