ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მანამდე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-გამოყენებას და ძლიერ ფიზიკური, ფსიქიკური ან მორალური ტკივილის მიყენებას გულისხმობდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს-ს მოწოდების მიუხედავად, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის ვინაობის შესახებ ინფორმაცია იმაზე ადრე გაავრცელეს, ვიდრე ამას სამინისტრო დაადასტურებდა, რამაც გამოძიებას ხელი შეუშალა. 

"კიდევ ერთხელ გვინდა ყველას მივმართოთ, რომ მსგავსი სიმძიმის დანაშაულზე ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება, ინტენსიური ოპერატიული ღონისძიებების პარალელურად, ხელს უშლის გამოძიების პროცესს, მიმდინარე და დაგეგმილ საპოლიციო ღონისძიებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს თავდამხმელის შესახებ ინფორმაციას და ფოტოსურათსაც ასაჯაროებს. იდენტიფიცირებული პირი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა, რომლის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი