თეა წულუკიანის განცხადებას, რომ 2020 წლის არჩევნებს ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან, ოპოზიცია პანიკას უწოდებს და ამბობს, რომ "ოცნება" ასეთი განცხადებებით, გარდაუვალი მარცხის გამართლებასა და ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობს.
"ქართული ოცნება არჩევნებს აგებს და ახლა გამწარებული ეძებს ვის დააბრალოს, 9 ქართული ოცნების წარმომადგენელი და 1 პატრიოტთა ალიანსი, 10 კაცი არის ოცნების საარჩევნო უბანზე და კიდევ ჩვენ ვაყალბებთ არჩევნებს? ბიძინას აბოლებენ, რომ რადგან ხელში ჩაიგდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნებს გააყალბებენ, მაგრამ ის ვერ გაითვალისწინეს, რომ კანონმდებლობა ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აძლევს უფლებას იყოს დამკვირვებელი." თქვა დიმიტრი შაშკინმა.
დიმიტრი შაშკინმა ე.წ. "Deep fake"-ზე ირაკლი კობახიძის ბრალდებაც, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას აპირებს, შეაფასა და თქვა: "უნდა შეწყვიტოს პორნო საიტებზე ძრომიალი და ყურება, იმიტომ რომ ეს ტერმინოლოგია იქიდან აქვს."
თეა წულუკიანის განცხადებას "ევროპული საქართველოს" ლიდერი სერგი კაპანაძეც გამოეხმაურა, მისი თქმით, ქართულ ოცნებას, რომელსაც თავიანთ პარტიასთან აფილირებული საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფები თვითონ ჰყავს, ეშინია სხვა დამკვირვებლების.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, არჩევნებზე სადამკვირვებლო ჯგუფებთან თანამშრომლობა დაადასტურა და თქვა, რომ ამას მისი პარტია თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად აკეთებს და სადამკვირვებლო ჯგუფებთან თანამშრომლობას კანონი არ კრძალავს.
"საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც კომისიის 12-დან 9 წევრს აკონტოროლებს მართველი პარტია, ხელი არ წაგიცდეთ არჩევნების გაყალბებისკენ, თორემ მაგ ხელებს დაგამტვრევთ" - ამბობს გიორგი ვაშაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციები კი ფიქრობენ, რომ წულუკიანმა თავის განცხადებით, მწვანე შუქი აუნთო ძალადობას და არ არის გამორიცხული განმეორდეს ის, რაც მარნეულში მოხდა.