ოპოზიციის ის ლიდერები, ვინც ირაკლი კობახიძემ ქვეყნის დესტაბილიზაციაში და რევოლუციის დაგეგმვაში დაადანაშაულა, გადაყენებული პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებას ეხმაურებიან და "ოცნების" მხრიდან, თავიანთივე გეგმების ოპოზიციისთვის გადაბრალებად, დამარცხების შიშით სახის დაკარგვად და ქვეყნისათვის საშიშად აფასებენ.
ირაკლი კობახიძის ბრალდებას რევოლუციის შესახებ და მუქარას ოპოზიციისადმი, უცვლელად გთავაზობთ:
"პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია, ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში ზუგდიდსა და გლდანში , საარჩევნო დამკვირვებლემა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე - დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინზე და ნიკანორ მელიაზე, ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტრო-შოკებით, მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიცია, შესაბამისად მათ აქვთ იარაღის ტარების უფლება, ჩვენ ვაფრთხილებთ ყველას, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი." - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის ბრალდებას გამოეხმურა დიმიტრი შაშკინი და მას გებელსი უწოდა.
"არ ვიცი რა მოელანდა, რა დაესიზმრა ბოროტ კლოუნ კობახიძეს, ყველამ იცის, მართლა არ ბნელა ამ ქვეყანაში და ქართულმა ოცნებამ შექმნა ბანდები, რომლებიც ატერორებენ მოსახლეობას ესვრიან ცემენ და ახლა ამ ყველაფრის დაბრალება უნდა ჩვენთვის, ესე მოქმედებდა გებელსი, და ვიცით რა ბედი ეწია, იმედი მაქვს ირაკლი კობახიძე, შეასრულებს თავის პირობას, ზეგ წავა პოლიტიკიდან და აღარ შეგვაწუხებს." თქვა თავდაცვისა და სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.
დევი ჭანკოტაძემ კი, ირაკლი კობახიძეს შესთავაზა 31 ოქტომბერს ერთად იარონ საარჩევნო უბნებზე, რომ თავად ნახოს ვინ რას აკეთებს: "დილის რვა საათიდან იაროს ჩემთან ერთად და ნახოს რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ, აჯანყებები, გადატრიალებები და რაღაცეები ელანდება ამ კაცს". - თქვა დევი ჭანკოტაძემ.
დღეს ირაკლი კობახიძის ბრალდებას ნიკა მელიაც გამოეხმაურა: "ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ. ხვალ გლდანის რაიონი პოლიტიკიდან გაგაცილებს" - მიმართა მელიამ, კობახიძეს.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიმართ ბრალდებებს წინა დღეებშიც ავრცელებდა და ამბობდა, რომ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი დესტრუქციული განზრახვა, საქართველოში არჩევნების დღეს საქართველოს საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა იყო.