"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების შედეგების ციფრების ცვლილებასთან დაკავშირებით ყოველგვარი საუბარი სპეკულაციაა. მან ცესკოში მომხდარ ინციდენტს, როცა თამარ ჟვანიას შედეგების გამოცხადების დროს ბრიფინგი შეაწყვეტინეს, საბოტაჟი და დესტრუქცია უწოდა.
"თქვენ ნახეთ ცესკოში, რაც ხდებოდა, ვინ მოაწყო არეულობა, როგორ მოაწყო, ჰქონდა საფუძველი? არ ჰქონდა საფუძველი, იყო ნაცმოძრაობის წარმომადგენელი რომელიც ზუსტად იმ დესტრუქციას ახორციელებდა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ რამდენიმე დღით ადრე", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 1 600-ზე მეტი ოქმის მონაცემებით, პარტიას 51% აქვს და ყველა ქალაქსა და რაიონს იგებს.
ცესკომ ამ დროისთვის 1 085 საარჩევნო უბანის მონაცემები დათვალა, რაც უბნების საერთო რაოდენობის მხოლოდ 28%-ია. ამ მონაცემების მიხედვით, "ქართულ ოცნებას" - 54,72%, "ენმ-ძალა ერთობაშიას"- 23,61%, ხოლო "ევროპულ საქართველოს" 3.95% აქვს.