რუსთაველიდან სოლოლაკისკენ, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ დაძრული აქციის მონაწილეები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სასახლესთან პოლიციის კორდონი გაარღვიეს, რუსთაველის გამზირზე ბრუნდებიან.
ამასთან, მოქალაქეთა ნაწილი, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, დაშლას არ აპირებს და პარლამენტის შენობის წინ დარჩება.
ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი და ლიდერი დავით ქაცარავა "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ ის და მისი გუნდის წევრები რუსთაველზე დარჩებიან. დავით ქაცარავა მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოვიდნენ რუსთაველზე და შეუერთდნენ საპროტესტო აქციას, რომელიც გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში. ამის შესახებ მან "ფეისბუქზე" სტატუსშიც დაწერა:
ჩემო მეგობრებო!
მოგმართავთ მათ, ვინც გუშინ ხმა მისცა ცვლილებებს, ხმა მისცა რუსული ოცნების წინააღმდეგ, რომელმაც გუშინვე ხმები წაგვართვა!
ასეთი მოქალაქე კი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით მილიონია!
დღეს ჩვენ დავდექით რუსთაველზე ჩვენი ხმების დასაბრუნებლად!
თუ ჩვენ მივცემთ საშუალებას რუსულ ოცნებას დაისაკუთროს ჩვენი ხმები,მაშინ ჩვენს სამშობლოში ძალიან დიდი ხნით დაისადგურებს რუსეთი!
მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდით პარლამენტთან, მიუხედავად იმისა, დაღლილები ხართ, გცალიათ თუ არ გცალიათ!
ჩვენ არ ვიშლებით!
ჩვენ ვდგებით აქ და არსად წავალთ, სანამ რუსული ოცნება ხმებს არ დაგვიბრუნებს და ოპოზიციაში არ გადაინაცვლებს!
ძალა ჩვენშია!
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!- წერს დავით ქაცარავა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერებმა დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მომავალ კვირას გრანდიოზული საპროტესტო გამოსვლა დააანონსეს.
ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო, განაცხადა რა, რომ მის ტარებას არ აპირებს, რადგან უსამართლობის სიმბოლოა.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მას შემდეგ დააანონსა, რაც ცესკომ რეალობასთან შეუსაბამო შედეგები გამოაცხადა. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. OSCE-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნების დღეს "არ იყო ნათლად გამიჯნული ხაზი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის".
ასვე აღსანიშნავია, რომ ცესკოს მიერ პირველადი მონაცემების გასაჯაროვების შემდეგ, ხმების დაცვის ტაქტიკის უქონლობის გამო ოპოზიცია გააკრიტიკა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელიც მოგვიანებით ცესკოს შენობასთან მივიდა.