"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა, ხმების 51.16%-ით ოქმების გაყალბებით აიღო.
სერგი კაპანაძე ერთი და იგივე ოქმის 2 ფოტოს ავრცელებს. პირველი საარჩევნო უბანზეა გადაღებული, მეორე კი - "ცესკოს" ვებგვერდზეა ატვირთული.
პირველი ოქმის მიხედვით, 67-ე უბანზე ზაურ დარგალმა 173 ხმა მიიღო. არჩევნებზე კი სულ 528 ამომრჩეველი მივიდა.
უკვე მეორე ოქმის მიხედვით კი, რომელიც "ცესკომ" ატვირთა, ზაურ დარგალს 473 ხმა აქვს, ამომრჩეველთა რაოდენობა კი 828-მდეა გაზრდილი.
გაყალბებული ოქმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობამ" 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა.
ასევე, თამარ კორძაიას ინფორმაციით, "გაერთიანებულ ოპოზიციას" 853 საჩივარი აქვს მომზადებული, რომლებიც შემაჯამებელი ოქმების ბათილობას ეხება.
მისი თქმით, არსებული მონაცემებიც საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, 31 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები გაუქმდეს და ხელახალი კენჭისყრა დაინიშნოს.