ანზორ მელია ვარაუდობს, რომ ნიკა მელიას დაიჭერენ. ემოციური კომენტარი ოპოზიციის ლიდერის მამამ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა. კითხვაზე - რა მოლოდინი გაქვთ სასამართლოსგან? - ცნობილი კარდიოლოგი პასუხობს - "დაიჭერენ".
ანზორ მელია ამბობს რომ მისი შვილი ქვეყნის სიყვარულისთვის ისჯება, თუმცა საპატიმროში მყოფი მელია უფრო საშიშია მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ მყოფი:
ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო. კაცი, რომელიც თავდადებულია სამშობლოსთვის, კაცი რომელიც 5 თვეა არ მინახია და პირველად ვნახე იქ შტაბში არჩევნების დღეს, თქვენ იქ იყავით და ხედავდით რა უპირატესობით უგებდა სხვებს და მერე როგორ დატრიალდა ყველაფერი... შეუძლებელია, რომ მშვიდად უყურო ამ სიტუაციას, მითუმეტეს როცა შენი შვილია
ამ მთავრობისგან ყველაფერს ცუდს ველოდებით და მზად ვართ მე და ჩემი მეუღლეც.
ტაშით ივანიშვილი მაგას არ დააჯილდოებს. ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა რომ გადაებირათ ნიკა, მაგრამ არ გამოუვიდათ და ახლა უნდათ პატიმრობა, მაგრამ იცოდნენ რომ პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიშ იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ" ამბობს ანზორ მელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმიდნარეობს. თავად ოპოზიციის ლიდერი პროცესს არ ესწრება.
პროკურატურამ დღეს სასამართლოს ჯერ ნიკა მელიას დაპატიმრების, მოგვიანებით კი 100 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.
შოთაძის უწყება მელიასთვის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვასაც ითხოვს, თუმცა მელიას ეს აკრძალვები ისედაც აქვს და პასპორტიც ჩამორთმეული აქვს.
გადაწყვეტილება პროკურატურამ მას შემდეგ მიიღო, რაც 1 ნოემბერს ნიკა მელიამ პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. მელია ამბობს, რომ აღარ აპირებს ატაროს სამაჯური, რომელიც ივანიშვილის უსამართლო რეჟიმის სიმბოლოა.