"ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერის და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის აზრით, ოპოზიციას მეორე ტურში გამარჯვების იმედი არ აქვს და ამიტომ ამბობენ, რომ მონაწილეობას თითქოს პროტესტის ნიშნად არ მიიღებენ.
"ჩემი ინფორმაციით და ჩემი მოსაზრებით, ოპოზიციის წარმომადგენლების დიდი ნაწილი, რომლებსაც მეორე ტურებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, ისინი პროპორციული სიით უკვე არიან შესული პარლამენტში და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მათ მეორე ტურში გამარჯვების იმედი არ აქვთ. არჩევნებთან დაკავშირებულ ამ საკითხებს ისინი აფორმებენ თითქოს იმით, რომ პროტესტის ნიშნად არ მიიღებენ მონაწილეობას, სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური კაპიტულაცია მეორე ტურის წინ, მათ იციან, რომ მეორე ტურებში დამარცხდებიან და ურჩევნიათ, არ მიიღონ მონაწილეობა", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა გუშინ, 3 ნოემბერს ერთიან განცხადებას მოაწერეს ხელი სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქცია - ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან. ოპოზიციის ლიდერებმა დღეს, 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე ყველა მათგანი უარს იტყვის.