"ქართული ოცნებისთვის" დაუბალანსებელი ოქმები "ჩვეულებრივი საარჩევნო პრაქტიკაა". მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ის, რასაც ახლა ოპოზიცია აპროტესტებს, წინა წლებშიც იყო, თუმცა მაშინ ამაზე არავინ ლაპარაკობდა.
"საქართველოში, დღემდე ჩატარებულ აბსოლუტურად ყველა არჩევნებზე დაუბალანსებლი და ხარვეზიანი ოქმები ყოველთვის გვხვდებოდა და ყოველთვის იყო ასეთი პრაქტიკა სტანდარტულ უბნებზე მათ შორის. ყველა ასეთ შემთხვევა როგორც დღეს, ისე წარსულში ანალოგიურად მიყვებოდა ცესკო, იკვლვდა და საჭიროების შემთხვევაში, ეს ოქმები სწორდებოდა ხოლმე. ამაზე არც სხვა არჩევნებზე, წინა არც ერთ შემთხვევაში არავინ ამახვილებდა ყურადღებას იმიტომ, რომ ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეს იყო ჩვეულებრივი საარჩევნო პრაქტიკა და შესწორების ოქმი იყო ასეულობით ოქმთან დაკავშირებით" - ამბობს უმრავლესობის წარმომადგენელი
მამუკა მდინარაძის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, ხმები სწორედ "ქართულ ოცნებას" აქვს დაკლებული როგორც მაჟორიტარულ, ისე პროპორციულ ნაწილში და არა ოპოზოციას.
მდინარაძემ დღეს პანდემიის გამო გახსნილ სპეცუბნებზე აღმოჩენილ დარღვევებზე ისაუბრა და თქვა, რომ ის უზუსტობები რაც ოქმებში ფიქსირდება, ბუნებრივია:
"ბუნებრივია, რადგან ოქმებში ინფიცირებული ან იზოლირებული ამომრჩევლის მხოლოდ ნაწილი ემთხვევა, რომლებიც იმავე რაიონში იყვნენ ჩაწერილები, სადაც ხმას აძლევენ. ასეთი ამომრჩევლები მხოლოდ პარტიას აძლევდნენ ხმას, მაჟორიტარულ კანდიდატებს კი ხმა მხოლოდ იმ ოლქში მაცხოვრებელი იზოლირებული პირი აძლევდა, თუ დაემთხვეოდა მხოლოდ ამ შემთვევაში. ამიტომ მაჟორიტარის ოქმში გაცილებით ნაკლები ხმის მიმცემია დაფიქსირებული, ვიდრე ამომრჩევლის რაოდენობაა დაფიქსირებული ე.წ. სპეცუბანზე" - ამბობს მდინარაძე.
მდინარაძემ ე.წ. სპეცუბნების შეცდომებზე პასუხისმგებლობა კომისიის დაუტრენინგებელ წევრებს დააკისრა:
"ეს შეცდომები განპირობებულია იმით, რომ ინფიცირებულ და იზოლირებულებთან მუშაობას თავისი სპეციფიკური ცოდნა უნდა და ამიტომ სპეცუბნებში კომისიის წევრები ახალი და დაუტრენინგებელი წევრებით იყვნენ ჩანაცვლებული. ასეთი იყო რამდენიმე ასეული წევრი კომისიისა." ამბობს მდინარაძე.
"ოცნების" ლიდერი ხაზს უსვამს, რომ მაშინ როცა, პანდემიის პირობებში საქართველოზე დიდი რესურსის მქონდე ქვეყნებში კოვიდინფიცირებულებმა და კარანტინში მყოფებმა ხმა ვერ მისცეს, საქართველომ ეს შეძლო.
შეგახსენებთ პრეზიდენტი და უმრავლესობის ლიდერები მადლობას უხდიან თამარ ჟვანიას ჩატარებული არჩევნებისთვის, მაშინ როცა, ოპოზიცია საპარალამენტო მანდატებზე უარს ამბობს, საარჩევნო შედეგების გამო, რომელზეც ამბობენ რომ ხმები მიტაცებულია. ამ მიზეზით, აქციები იმართება ცესკოსთანაც.