"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე, გადაცემაში "დღის სტუმარი", ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების კუთხით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.
"სამწუხაროდ ეს არჩევნები ჩატარდა ძალიან დაბალი სტანდარტით, ჩვენ გვქონდა ძალიან მრავალფეროვანი დარღვევები, დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიიდან, ასევე, უშუალოდ არჩევნების დღეს, ძალიან მასშტაბური და განსხვავებული ხასიათის დარღვევები იყო, ჩვენი ორგანიზაცია იყო პირველი, რომელმაც დააფიქსირა, რომ არჩევნებზე გამოვლინდა ახალი ტენდენცია -შემაჯამებელი ოქმების დისბალანსი. ეს არჩევნები სამწუხაროდ არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი." - თქვა ელენე ნიჟარაძემ.
აქვე გეტყვით, რომ ცესკომ "სამართლიანი არჩევნების" 160 საჩივრიდან, მხოლოდ 11 დააკმაყოფილა. ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ საჩივრების დროულად დაუკმაყოფილებლობის გამო, იძულებულია ზედა ინსტანციას - სასამართლოს მიმართოს, რაც, მისი თქმით, პროცესს დროში გაწელავს და საზოგადოების ნდობას შეამცირებს. ნიჟარაძეს სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებითაც კითხვისნიშნები აქვს.
შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, რომ ხალხი ქუჩაშია გამოსული, ელენე ნიჟარაძე პასუხისმგებლობას ცესკოს აკისრებს და ამბობს, რომ ერთადერთ უფლებამოსილ ორგანიზაციას, რომელიც ატარებდა არჩევნებს
პრობლემის გამოსწორებაც არ უნდა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის პროტესტი უკვე მეექვსე დღეა გრძელდება.
სააკაძიდან ცესკოს მიმართულებით ავტოკოლონების მსვლელობა დაიწყო ;
"ვაპროტესტებთ ივანიშვილის სპეცოპერაციას" - ავლაბრის მეტროდან მსვლელობა დაიწყო;
ოპოზიცია კახეთში ფლაერებს არიგებს - მზადება 8 ნოემბრის აქციისთვის;
ცნობისთვის, ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".